ხონის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ოკაცეს კანიონი და კინჩხას ჩანჩქერი. ღრმა კანიონის თავზე ჰაერში დაკიდულ ხიდზე სეირნობა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ლაშქრობის მოყვარულთათვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ასხის მასივი, სადაც ვრცელი, საოცარი ხედებით, ალპური მდელოებითა და მოხეტიალე ნისლებით დატკბებით. რაიონში ასევე მრავლად არის კარსტული მღვიმეები, რაც ბუნების ერთ-ერთ უმშვენიერეს სანახაობას წარმოადგენს.
გვხვდება მწვანეში ჩაფლული ტბები. თუკი ბუნების სიმშვიდეში დასვენება გსურთ, ამისთვის შესანიშნავი ადგილია კურორტი გორდი. გარდა ბუნების სილამაზისა, ხონის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა პერიოდის ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლითაც ხასიათდება. ტაძრები, ციხე-სიმაგრეები, ნაქალაქარები საქართველოს ისტორიას ინახავენ და თვალწინ გვიშლიან ქართული კულტურის განვითარების სურათს.
აღსანიშნავი ძეგლებია: ანტიკური პომპეუსის ხიდი, ხონის ეკლესია, მათხოჯის ციხეები, ნაქალაქარი კიბულა, კინჩხას მაცხოვრისა და წმ. გიორგის ეკლესიები, ტარეშის ციხე, ბანგვეთის ეკლესია, უძლოურის ეკლესია და სხვა. თუკი ამ რაიონს ესტუმრებით, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ხონის ისტორიულ მუზეუმსაც.
მუზეუმში დაცულია ათობით უნიკალური ექსპონატი: ჭედური ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოსა და რკინის ხანის ნივთები, ხატები, ხელნაწერები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ეთნოგრაფიული მასალა, ნუმიზმატური ნიმუშები და ა.შ. ხონში ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ ირაკლი აბაშიძისა და პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმები.
წყარო: georgiantravelguide.com
ხონს გაუმარჯოს!
ხონელებს სალამი!
.
.
Комментариев нет:
Отправить комментарий